პირველ დღეს აკადემიაში ინგლისურის მასწავლებელი მივიდა. დილით აკადემიის დირექტორმა გეგა ფალავანდიშვილმა ყველას ახალი სიმღერები დაურიგა. ამ სიმღერებს ისინი მომავალ კონცერტზე შეასრულებენ. რეპერტუარში ისევ ინგლისური ჰიტები შევიდა. პირველმა ინგლისურის პედაგოგს ლანა ლობილაძეს მარგომ მიაკითხა. მანამდე გოგონებთან დაიჩივლა რთული სიმღერა მაქვსო. როგორც ჩანს, პირველი წარუმატებლობის მერე მარგო უფრო მეტი პასუხისმგებლობით ეკიდება ახალ დავალებას. მერე ლევან დობაძიშვილი სწავლობდა ტექსტს. მიშა სულუხია, რომელსაც ყველაზე მეტად სჭირდება ინგლისურ გამოთქმაში ვარჯიში, ფეხს ითრევდა. მაგრამ პედაგოგის დაჟინებით მაინც მოუწია ტექსტზე მუშაობა. ლანა ლობილაძემ მიშას ურჩია ერთი საათის განმავლობაში ნელა ემეორებინა ინგლისური ტექსტი იმისთვის, რომ ხარვეზები გამოესწორებინა, რადგან მიშა სულუხია მასწავლებლის თქმით ”ახალ ინგლისურ გამოთქმებს” იგონებდა. ლანა ლობილაძემ მერე გოგონებს სთხოვა გააკონტროლეთ, რომ მიშამ ტექსტზე იმუშაოსო.