საღამოს ჩვენს კონკურსანტებს გაკვეთილები არ ჰქონდათ ამიტომ თამაშები მოიგონეს. თუმცა ერთი უწყინარი თამაში ნიკა როყვას და მიშა სულუხიას დაპირისპირებით დასრულდა.მონაწილეები ჯერ ორ გუნდად გაიყვნენ და ”ომობანა” ითამაშეს. მერე გადაწყვიტეს ”ვარსკვლავების აკადემიის” ცოცხალი კონცერტის ინსცენირება გაეკეთებინათ და თან პროექტის გენერალური სპონსორისთვის რეკლამა გაეწიათ. იდეა ნიკა როყვას ეკუთვნოდა, წამყვანები კი მიშა სულუხია და ნათია მიქაძე იყვნენ. მიშა და ნიკა ”კონცერტის” და ”სპონსორის რეკლამის” თანმიმდევრობაზე ვერ შეთანხმდნენ. გაბრაზებულმა ნიკამ მიშას ეგოისტი უწოდა, შენს თავს მაქსიმალურად იყენებო. ნიკამ კონცერტის სცენარის გადალაგება მოინდომა, თუმცა დანარჩენებმა მიშას აუბეს მხარი, ჯერ ასე გავიაროთ რეპეტიცია და თუ არ მოგვეწონა მერე შევცვალოთო.მიშა ნიკას არ მოეშვა. რამდენჯერმე ყველას გასაგონად თქვა, რომ ნიკამ შეურაცხყოფა მიაყენა, და ეგოისტი უწოდა. ნიკამ თავი იმართლა გაგეხუმრეო. მერე იმედგაცრუებულმა ხელი ჩაიქნია და ”კონცერტის” მონაწილეებს ჩამოშორდა.