კონცერტის მეორე დღეს ”ვარსკვლავების აკადემიის” დირექტორატმა თათბირი გამართა და 23 მარტის კონცერტის შედეგები შეაფასა.პედაგოგები აკადემიის დირექტორის გეგა ფალავანდიშვილის კაბინეტში შეიკრიბნენ. მათ ყველა მონაწილის გამოსვლა განიხილეს. აკადემიის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა მანანა მორჩილაძემ უმაღლესი შეფასება მარი ბოლქვაძის გამოსვლას მისცა და აღნიშნა, რომ ის ერთადერთი იყო, რომელმაც რეპეტიციების დროს პედაგოგების მიერ მიცემული ყველა რჩევა და შენიშვნა გაითვალისწინა. გიორგი ჯალაღანიას გამოსვლით ყველა უკმაყოფილო დარჩა. პედაგოგებმა ისიც თქვეს, რომ რეპეტიციებზე გაცილებით უკეთესად მღეროდა. მარგო ლუჩკოს სიმღერას მუსიკალურმა ხელმძღვანელმა წარუმატებელი უწოდა. ქორეოგრაფმა თეა გობეჯიშვილმა აღნიშნა, რომ რეპეტიციებზე მარგოც გაცილებით უკეთესად ცეკვავდა. გეგა ფალავანდიშვილმა მარგო ლუჩკოს წარუმატებლობა ნერვიულობას დააბრალა.პედაგოგების კრების მერე აკადემიის დირექტორი სტუდენტებს შეხვდა და მასწავლებლების შენიშვნები გააცნო.